ომის 301-ე დღე უკრაინაში – 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა 500-ზე მეტი რუსი ოკუპანტი და რუსეთის არმიის კუთვნილი 12 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ათი დარტყმა მიიტანეს რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების ადგილებზე. მოიგერიეს იერიშები 25 დასახლებულ პუნქტზე. მათ შორის ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
დონეცკის ოლქში მდებარე უგლედარსა და ტორსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რვა დაშავდა. რუსეთმა განახორციელა ხუთი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა. 61-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები ხერსონი და ვოლჩანსკი. გრძელდება რუსეთის არმიის დარტყმები ქალაქ ბახმუტსა და ავდეევკაზეც. ოკუპანტების სამიზნე ასევე გახდა ქალაქი კურახივი. დაჭრილია ერთი ადამიანი, დაზიანებულია ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.