შეცვლილი სიტუაცია ფრონტის ხაზზე. ავდეევკა რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა.
ომში მყოფი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალმა მთავარსარდალმა ქალაქიდან უკრაინული დანაყოფების გამოყვანა ალყაში მოქცევის თავიდან აცილებით ახსნა. ბოლო თვეების განმავლობაში დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ინტენსიური საჰაერო იერიშების სამიზნე იყო. ქალაქი პრაქტიკულად სრულად არის განადგურებული. შეტევითი ოპერაციის დასრულების შემდეგ საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს რუსეთსაც. ავდეევკას დათმობას დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეფერხებას უკავშირებენ. ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთა მიმართვებში სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნა სულ უფრო აქტიურდება. ფინანსური რესურსების შემცირების და სამხედრო დახმარების გაჭიანურების გამო კრიტიკული განცხადებები ისმის საერთაშორისო პლატფორმებზეც.