უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმა განახორციელეს. როგორც ქალაქის მერი იუწყება, შედეგად მოკლულია 300-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული ე.წ. გუბერნატორი ადასტურებს ქალაქზე დარტყმას, თუმცა ამტკიცებს, რომ შედეგად მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დანგრეულია დასასვენებელი ბაზა და ადგილზე ახლა მაშველები მუშაობენ. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მობილიზებული რუსი სამხედროების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინელმა პარტიზანებმა აიღეს. არიან დაღუპულები. სამხედრო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში რუსეთის არმიის 11 შეტევის მოგერიება შეძლეს და მოწინააღმდეგის 6 ობიექტზე დარტყმა მიიტანეს. რუსეთი კი უკრაინას დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების მიმართულებით უტევს. რთული ვითარებაა შექმნილი ოდესის ოლქშიც, სადაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დენის მიწოდების აღდგენას შესაძლოა 2-3 თვე დასჭირდეს.