რუსული ძალები ისევ ახორციელებენ იერიშებს უკრაინაზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები უკრაინას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით, ბახმუტისკენ უტევენ. დანარჩენ მიმართულებებზე, როგორიცაა უგლედარი და ზაპოროჟიე, თავდაცვითი პოზიცია აქვთ შენარჩუნებული. ავდეევკაში კი ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარშემო არსებულ დასახლებულ პუნქტებზე შეტევას ცდილობენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული ძალების რამდენიმე დისლოკაციის ადგილზე თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც, რუსული მხარის დანაკარგი 100-მდე ადამიანი და 5 ერთეული სამხედრო ტექნიკაა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პენტაგონი 6 ერთეული ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ნასამსის“ უკრაინისთვის გადასაცემად მილიარდ ორასი მილიონი დოლარის დახმარებას გამოყოფს. დღემდე უკრაინას უკვე გადასცეს „ნასამსის“ ორი სისტემა, რომელიც მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი საშუალებაა.