ომი უკრაინაში - 256-ე დღე

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. არის მსხვერპლი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ რაიონზე მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დანგრეულია კომერციული საწარმოს ორსართულიანი შენობა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ოლქში დაესხნენ თავს. უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში მოიგერია. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის შვიდი ზონა, საბრძოლო მასალის საცავი და ოკუპანტების სამი სამხედრო ობიექტი დაბომბა. უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსეთის არმიის წინააღმდეგ შვიდი იერიში განახორციელა. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთი თავდასხმას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე ახორციელებს, მათ შორის ელექტროსადგურებზე. „The New York Times“-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის სამი მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა უკვე დაიწყო.