რუსეთმა ღამით უკრაინაზე კამიკაძე-დრონებით შეტევა განახორციელა. თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 23 დრონი გაანადგურეს. დრონების უმეტესი ნაწილი უკრაინის ძალებმა კიევისა და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დედაქალაქის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა ათზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, ყველა მათგანი განადგურებულია. თუმცა, უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა. გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით.