ომი უკრაინაში - 192-ე დღე

უკრაინაში საომარი მოქმედებების 192-ე დღეა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა მტრის ცოცხალი ძალის 10-ზე მეტ ადგილას მიიტანეს იერიში, განადგურებულია 3 სარაკეტო სისტემა და რამდენიმე ჯავშან მანქანა. ამასთან, სააგენტო „როიტერი“ უკრაინულ გენშტაბზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად, რუსეთის პოზიციებზე დარტყმები განახორციელეს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით კი, ქვეყნის სამხრეთით, უკრაინის კონტრშეტევით ოპერაციები ხერსონის ოლქში სამი მიმართულებით არის ფოკუსირებული. სარაკეტო იერიშებს განაგრძობს რუსეთის არმიაც. გრადის ტიპის რაკეტებით დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქი, რის შედეგადაც დაშავდა ერთი ადამიანი. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვზეც. ქალაქის მერის ცნობით, რაკეტა სკოლასთან ჩამოვარდა. დაშავებული არავინაა, სკოლაში ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები.