ომი უკრაინაში - 165-ე დღე

ისევ რუსეთი და ომი უკრაინაში – უკვე 165-ე დღეა, რუსეთი არ წყვეტს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმებს. აქტიურად იბომბება ხარკოვის, მიკოლაევის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქები. ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ხერსონისა და დონეცკის ოლქებში. გამწვავებულია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიას რუსები 5 აგვისტოდან მოყოლებული ბომბავენ. მსოფლიოში იზრდება შეშფოთება ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების გამო და რუსეთს გლობალური კატასტროფის საფრთხის შექმნაში სდებენ ბრალს.

პარალელურად, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანის მიმართულებით. სტამბოლში სიმინდით დატვირთული სამი სატვირთო გემი უკვე ჩავიდა, რომლებიც 60 ათას ტონამდე მარცვლეულით იყო დატვირთული. დღეს უკრაინის პორტები კიდევ ოთხმა გემმა დატოვა, რომლებმაც თურქეთში 170 ათასი ტონა უკრაინული პროდუქცია უნდა ჩაიტანონ.