ომი უკრაინაში - 137-ე დღე

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. უკრაინული მხარის ცნობით, ქალაქ ბახმუტთან მდებარე დაბა ჩასოვ იარიში რუსებმა საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 და დაშავებულია 5 ადამიანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ 30-ზე მეტი ადამიანია მოყოლილი, ადგილზე ახლა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მსხვერპლი იყო დონეცკის რაიონშიც, სადაც რუსების საარტილერიო დარტყმებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 23 მოქალაქე. დაიბომბა სუმისა და მიკოლაევის ოლქები, არიან დაშავებულები.

უკრაინული მხარის ცნობით, ახლა რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სლავიანსკია, ქალაქის დასაკავებლად ოკუპანტები ტერიტორიას ინტენსიურად ბომბავენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ქალაქ ხარკოვთან მიახლოებას და მის დაკავებასაც გეგმავს. ამ მიზნით, რუსებმა გასულ დღეს, ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე შტურმი სცადეს, თუმცა უკრაინის ძალებმა შეტევის მოგერიება შეძლეს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსები საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ბომბავენ.