ომი უკრაინაში - 129-ე დღე

რუსი ოკუპანტების სამიზნე ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და უდანაშაულო ადამიანები არიან. არსებული ცნობებით, რუსმა სამხედროებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. საჰაერო და საავიაციო დაბომბვების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქ მიკოლაევში, მანამდე, პირველი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის, სოფელ სერგეევკას დაესხა თავს, რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა და დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაკეთებული ვიდეომიმართვისას ოდესაში მომხდარი რუსული სარაკეტო თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ამ სახლში დაახლოებით 160 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და ეს არის მიზანმიმართული რუსული ტერორი. აქვე, უკრაინელმა ლიდერმა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა.