ომი უკრაინაში - 125-ე დღე

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. დაშავებულია 59 ადამიანი, მათგან 25 ჰოსპიტალიზებულია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი. სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ქალაქის მერის განცხადებით, მომხდარის გამო, კრემენჩუკში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები მთელი უკრაინის მასშტაბით არ წყდება. ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკზე მიტანილ იერიშს რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 23 პირი. უკრაინული მხარის ცნობით, 11 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა მიკოლევსა და ოჩაკოვში, რის შედეგადაც, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. გასული დღის განმავლობაში ხარკოვის ოლქზე მიტანილი იერიშების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 30-ზე მეტი პირი, მათ შორის ბავშვი. ხარკოვში დაბომბილ ობიექტებს შორის არის დაწყებითი სკოლა. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, სკოლაზე განხორციელებულ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

 

დატოვე კომენტარი