ომი უკრაინაში - 123-ე დღე

დილიდან აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის დედაქალაქში. კიევის მიმართულებით რუსებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს, შედეგად დაღუპულია სულ მცირე ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. კიევის მერის თქმით, რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, რომელთაგან ერთის ნამსხვრევები შევჩეკოვსკის რაიონში საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისი თქმით, ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან მოყოლილი. ამჟამად რაიონში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ დღეს, რუსებმა ლუგანსკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, სევეროდონეცკის სრულად აღება მოახერხეს. ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი განადგურებულია და რუსები ამჯერად ქალაქ ლისიჩანსკის დაკავებას ცდილობენ. შეტევა ხორციელდება უკრაინის სხვა რეგიონებზეც. გასულ ღამით დაიბომბა როვენის ოლქი, რის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. იბომბება ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში რუსებმა 45 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, თუმცა, ზელენსკის თქმით, ვერცერთი რუსული რაკეტა და დარტყმა უკრაინელების სულის გატეხას ვერ შეძლებს.