არნახული სანახაობა, უპრეცედენტო შოუ, – ასე აფასებენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას, რომელიც გუშინ საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში გაიმართა. მთავარი ეპიცენტრი კი მდინარე სენა იყო, საიდანაც ოლიმპიადის 10 ათასზე მეტი მონაწილე, ეროვნული დროშებით მაყურებელს ესალმებოდა. ფლოტილიამ ექვსკილომეტრიანი მარშრუტი გაიარა და პარიზის ყველა ცნობილ ხიდსა და ღირსშესანიშნაობებს ჩაუარა, მათ შორის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა და ეიფელის კოშკს.
შთამბეჭდავი თეატრალიზებული შოუს სამხატვრო ხელმძღვანელი თომას ჟოლი იყო, რომელმაც საფრანგეთის კულტურა, ისტორია და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააცოცხლა. ოთხსაათიანი ცერემონიის კულმინაციური მომენტი კი ცნობილი კანადელი მომღერლის, სელინ დიონის გამოსვლა იყო, რომელიც სცენაზე ოთხწლიანი ავადმყოფობის შემდეგ წარდგა.