ისევ გამწვავებული რიტორიკა უკრაინის ხელისუფლებისგან – ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ბოლო განცხადება საქართველოში მორიგი ვნებათაღელვის მიზეზი ხდება.
არესტოვიჩის პოზიცია იმ გზავნილს იმეორებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ გაახმოვანა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფარული აუდიო ჩანაწერის, არახამიას გუშინდელი საკმაოდ მწვავე განცხადების და ზელენსკისგან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კიდევ ერთი კრიტიკული გზავნილის მიღმა, „ქართული ოცნება“ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს. არგუმენტად მმართველ გუნდს ყოფილი სახელისუფლებო პარტიის იმ აქტივობებს ასახელებს, რომლებიც უკრაინაში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლას და ორი ქვეყნის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობაში გაჩენილ პოზიტიურ გზავნილებს მოჰყვა. ამ კონტექსტში დღეს ბაკურიანში ცოტა ხნის წინ გამართული ის შეხვედრაც ახსენეს, სადაც მმართველი პარტიის ინფორმაციით, ხელისუფლების დამხობის გეგმა განიხილებოდა.