ოდესაზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა

რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებს. ღამით სამიზნე ოდესა იყო, საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, დაშავდა 22. დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი. ოდესის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, რუსების იერიშის შედეგად დაზიანდა ოდესის ფერიცვალების საკათედრო ტაძარი, ასევე მწერალთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ჟვანეცკის ბულვარს. უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით კი, ღამით რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით, სულ მცირე, ხუთი სახის რაკეტა გაუშვეს, მათ შორის „კალიბრისა“და „ისკანდერის“ ტიპის. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის მიმართულებით 300-ზე მეტი ჭურვი გაუშვეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის შეტევები ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე. ამის პარალელურად, შავ ზღვაში რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უკრაინა-ნატო-ს საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევის თხოვნით მიმართა. შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.