ოლიმპიურ მუზეუმში ნინო სალუქვაძე დააჯილდოვეს – ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ერთდროულად ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის რაოდენობების გამო დაიმსახურა. რეკორდის რეგისტრაციის პროცესი საქართველოს რეკორდების ფედერაციის შუამდგომლობით განხორციელდა. გინესის სერტიფიკატები ნინო სალუქვაძეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.
ნინო სალუქვაძეს 1988-დან დღემდე ზედიზედ ათ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული და სხვადასხვა დროს სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ მას ერთდროულად ორ კატეგორიაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული: სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.