რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო თავდაცვის და შეკავების ახალ გეგმას ამზადებს.
საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო – დღის წესრიგშია სამი თემა: როგორ უნდა დაეხმაროს ალიანსი ომში მყოფ უკრაინას უფრო მეტად, როგორ უნდა გააძლიეროს თავდაცვა განსაკუთრებით აღმოსავლეთ ფლანგზე და რა მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. პროგნოზი მძიმეა: ალიანსის გენერალური მდივანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში თვეების და წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამიტომ გრძელვადიანი თავდაცვის გეგმის შემუშავება ახლა ნატოს მთავარ ამოცანად ცხადდება. უსაფრთხოების ახალი კონცეფციის განხილვის პარალელურად ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაზრდის კონკრეტულ მიმართულებებზეც იმსჯელებენ. მინისტერიალს ესწრება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, რომელიც ხვალ იენს სტოლტენბერგს შეხვდება.