ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ვილნიუსში 30 მაისის ჩათვლით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება. სესია კიევში უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის მიერ ამ ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის გამო, ღონისძიება ლიეტუვაში იმართება. საპარლამენტო სესიაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. განსახილველ თემებს შორისაა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ნატო-ს პარტნიორობისა და ღია კარის პოლიტიკის მომავალი, ნატო-ს სტრატეგიული კონცეფციის გადასინჯვა, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ივნისში, მადრიდში გასამართ სამიტზე უნდა მიიღონ და სხვა საკითხები. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი ხვალ სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.