ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ: დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.
სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უფრო მჭიდროდ გაგრძელდება თანამშრომლობა პარტნიორებთან. აქცენტი გაკეთდა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრებზე. სტოლტენბერგის თქმით, ნატო აღიარებს და პატივს სცემს უკრაინის მისწრაფებებს წევრობისკენ, თუმცა ახლა ალიანსის ყურადღება გამახვილებულია დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რადგან უკრაინა თავს იცავს რუსული აგრესიისგან.