შიდა პოლიტიკურ დაძაბულობას კიდევ უფრო ამწვავებს „ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა.
პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც საკუთარი სურვილით საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა, საზოგადოებას მისი პოლიტიკური ძალის ახალ დადგენილებას აცნობს. ყოფილი მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ინიციატივა საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ გამოვლენილი სასტიკი აგრესიის გენოციდად აღიარებას გულისხმობს. დადგენილების პროექტი უკვე დარეგისტრირებულია. თუმცა, მმართველი გუნდი მის განხილვას არ აპირებს. ინიციატივის შეფასების დროს ფრთხილი მიდგომა აქვს დანარჩენ ოპოზიციასაც. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებებამდე მსგავსი დადგენილებების ინიცირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.