უკრაინას მიეძღვნება ნატოს ხვალინდელი სამიტი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტიც დაესწრება.
ონლაინ-ფორმატში მასში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. რას უნდა ელოდოს ომში მყოფი ქვეყანა ორგანიზაციისგან. უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა, ნატოს თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის გადატვირთვა და ყველა ზომის მიღება, რათა ომი ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში არ გადაიზარდოს – ასეთია ერთი დღით ადრე ნატოს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი. ნატოს აღმოსავლეთით თავდაცვითი ძალების გასაზრდელად და პოზიციების გასაძლიერებლად ხვალისთვის დამატებითი გადაწყვეტილებების მიღებაც ანონსდება. იენს სტოლტენბერგი მოსკოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ და დიპლომატიაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ალიანსის გენერალური მდივანი ახსენებს საქართველოსაც. საჭიროა რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნების ინდივიდუალური მხარდაჭერის გააქტიურება, – თქვა დღეს სტოლტენბერგმა.
ანა ბროლაძე გააშუქებს ნატოს ხვალინდელ სამიტს.