კიევიდან ბრალდებების სერია და მწვავე რიტორიკა გრძელდება.
წყარო კვლავ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უწყებაა, რომელზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია კიდევ ერთ სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ამჯერად საუბარია რუსეთის მხრიდან საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის მოლაპარაკებების წარმოებაზე. ოფიციალური თბილისის რეაქცია საკმაოდ მწვავეა. უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენელი დღეს საგარეო უწყებაში მივიდა. ქართული მხარე კიევისგან მოკლე ვადებში მძიმე ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებს და ფაქტებს ითხოვს. თუმცა, უკრაინიდან დამატებითი განმარტებები, ისევე როგორც პირველი ბრალდების შემთხვევაში, ამჯერადაც არ გაკეთებულა. პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის დაძაბულ ურთიერთობაში გაჩენილი პოზიტიური იმპულსების ფონზე უკვე მეორე კვირაა, კიევიდან კვლავ მწვავე განცხადებები ისმის.