უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მან სააგენტო „ინტერფაქს უკრაინასთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა. პოდოლიაკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებზე განსახილველ საკითხებს შორის არის „დენაციფიკაცია, ახალი გეოპოლიტიკური რეალიების აღიარება, სანქციების გაუქმება, რუსული ენის სტატუსი და სხვა საკითხები. ამის პასუხად, პოდოლიაკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში, საერთოდ არ განიხილება რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების პრობლემატიკა, რადგან ამ დრომდე არ არის აღმოფხვრილი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მათი დაწესების მიზეზი, კერძოდ კი, უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა.