მთელი მსოფლიო ხვალინდელი დღის მოლოდინშია.
არაერთი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებები პირისპირ ფორმატში გაგრძელდება.
ხვალ, დილის ათ საათზე ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შუამავალ ქვეყანაში, თურქეთში შეხვდებიან. სტამბოლში უკვე ჩავიდნენ რუსეთის წარმომადგენლები. დიდი ალბათობით, შემადგენლობა იგივე იქნება, როგორც ბელარუსში გამართული შეხვედრების დროს იყო. ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეთანხმების შანსზე საუბრობს. მოსკოვი მთავარ პირობად უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას და ნატოსთან ქვეყნის დაახლოების პროცესის შეწყვეტას ასახელებს. არანაირი დათმობა სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე – ასეთია უკრაინის პოზიცია. ნეიტრალიტეტზე საუბარს კიევი დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა გარკვეული პირობებით, მათ შორის უსაფრთხოების მყარი გარანტიით.