მთელი მსოფლიო მოლაპარაკებების შედეგის მოლოდინში.
იკვეთება რამდენიმე ვერსია და მოდელი, რომლებიც შუამავლის დახმარებით უკრაინასა და რუსეთს შორის განხილვის საგანია. ოფიციალური კიევი უსაფრთხოების გარანტიების უკრაინულ ფორმულაზე საუბრობს, რომელიც ნეიტრალიტეტთან ერთად რამდენიმე პირობას მოიცავს – პირველ რიგში კი მრავალმხრივ შეთანხმებას რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით და მყარი გარანტიებით. თუმცა ფაქტია, რომ მხარეთა პოზიციები ერთმანეთს ჯერ დაშორებულია. მოსკოვის რიტორიკა მუქარის შემცველი გზავნილებითაა სავსე. მედიაში უკვე ვრცელდება ის მოთხოვნები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს – ნეიტრალიტეტის გარდა ეს მოთხოვნები ქვეყნის განიარაღებას, ასევე ყირიმის და დონეცკის სტატუსს ეხება. რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაშიც სდებს ბრალს. თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი – დიპლომატიური გზების ძიების პროცესში ძირითადად ეს ქვეყნები აქტიურობენ. დღის წესრიგში რჩება ზელენსკის და პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხიც. არ არის გამორიცხული, რომ ანტალიის უშედეგო დიალოგის შემდეგ უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.