მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი საქმე – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდზე მორიგი სხდომა დაწყებისთანავე გადაიდო. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი კვლავ არ ესწრება პროცესებს, რადგან ის კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. არ არის გამორიცხული, ამ ეპიზოდზეც პროკურატურამ გასვლითი სხდომის ჩატარება ითხოვოს, თუმცა, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან ადვოკატები, რომლებიც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ არ შეუძლია პროცესებში ჩართვა.
ამ ეპიზოდზე ექსპრეზიდენტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსთან, თემურ ჯანაშიასთან ერთად არის ბრალდებული. მათ სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.