უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგ კრიტიკულ განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ უკრაინის მიმართ და ეს მათივე რეპუტაციისთვის იქნება კარგი. მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. ასევე პოდოლიაკის თქმით, მას, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის და დავით არახამიას, კარგად ესმით, რომ ქართველი ერი უკრაინის მხარეს დგას. მან მიხეილ სააკაშვილზე დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არ არის.
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.