შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 60 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ქვეყნიდან გაძევებულია – თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, ბანგლადეშის, ლიბანის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ალჟირის, ეგვიპტისა და განას, ჯამში 60 მოქალაქე. მათ შორის ასევე არიან პირები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.