უკრაინაში მიმდინარე ომში ერთ-ერთ მთავარ ცხელ წერტილად ქცეული მარიუპოლი, რუსეთის სამიზნეს 2014 წლიდან წარმოადგენს. გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ამ ქალაქში მოსკოვს ყირიმის ანექსიისთანავე გაუჩნდა. ეს არის ერთადერთი სახმელეთო დერეფანი, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებს. ალყაში მოქცეულ მარიუპოლში უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია, „აზოვსტალის“ ინდუსტრიული ზონაა, სადაც ასობით უკრაინელი მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე ორ თვეზე მეტია თავს აფარებს. „მოამბე“ აზოვსტალში მყოფი ელიტური ქვედანაყოფის „აზოვის ბატალიონის“ მებრძოლს ანატოლი ეგოროვს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ანატოლი ეგოროვი ერთ-ერთი პირველია, ვინც „აზოვის“ ბატალიონის რიგებში 2014 წლიდან გაწევრიანდა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. ის „მოამბეს“ მიწისქვეშა თავშესაფარში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.