მანანა მენაბდე გარდაიცვალა

12:42, 02.09.2025
მუსიკოსი, მომღერალი, მსახიობი და მხატვარი მანანა მენაბდე გარდაიცვალა. მისი ბებია ცნობილი ქართველი მომღერლების – დები იშხნელების ერთ-ერთ წევრი თამარ იშხნელი იყო. მანანა მენაბდე 16 წლის ასაკში ანსამბლ „რეროს“ წევრი გახდა. განსაკუთრებული პოპულარობა მანანა მენაბდემ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ეკრანებზე გამოვიდა ლანა ღოღობერიძის ფილმი „დღეს ღამე უთენებია“, რომელშიც მუსიკოსი ერთ-ერთ როლს ასრულებდა და ფილმში მისი მუსიკალური კომპოზიციები ჟღერდა. მუსიკოსი თანამშრომლობდა ქართულ მუსიკალურ ჯგუფებთან „შინ“ და „ადიო“, გორის ქალთა გუნდთან. წლების განმავლობაში მანანა მენაბდე საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი იყო.
სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოს პრემიერი. „მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული შემსრულებლისა და მუსიკოსის, მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდე იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა მისი უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათისა და გამორჩეული პიროვნული თვისებების გამო. თანავუგრძნობ მანანა მენაბდის ოჯახსა და ახლობლებს, “- აცხადებს პრემიერი.

მსგავსი