„ლომების კლუბი“

დღეს მინდა მოგიყვეთ ამერიკის კლუბურ სისტემაზე, ლომების კლუბის (Lions Club) მაგალითზე. სახელი ალბათ გეუცნაურაბათ, მაგრამ არც ესე სათამაშოდ არის საქმე.

ამერიკაში ბევრი კლუბია – „როტარი ქლაბი“, „პაილოტ ქლაბი“, კათოლიკე დების კლუბი, „გარდენ ქლაბი“ და ა.შ. „ლომების“ ერთ-ერთია არსებულ კლუბებს შორის.

ზევით პატარა ვიდეოში შევეცადე ილუსტრირება მომეხდინა, როგორ მიმდინარეობს „ლომების კლუბის“ შეკრებები, ცოტა სახეშეცვლილი და შეთხელებული კოვიდ-19-ის გამო.

„ლომების კლუბი“ უკვე ას წელზე მეტია არსებობს. თავიდან ის ჩიკაგოში დაფუძნდა. 1917 წელს ბიზნესმენმა მელვინ ჯონსმა დაპატიჟა ბიზნეს-კლუბების წარმომადგენლები მთელი ამერიკიდან. არ იყო დალხინებული დრო – პირველი მსოფლიო ომის შედეგები, სოციალური სიდუხჭირე, ბევრი რამ იყო მისახედი. სწორედ ამაზე ლაპარაკობდნენ ამ შეკრებაზე და შეიქმნა „ლომების კლუბი“. შეიქმნა დახმარებისთვის, საზოგადოებრივი, საერთო პრობლემებიდან გამოსავლის საძიებლად, იმისთვის, რომ არ დალოდებოდნენ არავის, არც მთავრობას, არც ღვთის ნებას და თავად მოეფიქრებინათ, რისი გაკეთება შეუძლიათ. „ჩვენ ვემსახურებით!“ -ასეთია „ლომების კლუბის“ დევიზი.

1925 წელს ლომების კლუბის შეკრებაზე ჩედარ პოინტში, ოჰაიოს შტატში მათ მიმართა ცნობილმა ელენ კელერმა. ეს  იყო უსინათლო ქალი, რომელმაც თავისი მაგალითით, ცხოვრებით, მიღწევებით უამრავი რამე გააკეთა საზოგადოებისთვის. აჩვენა, რომ ფიზიკური ნაკლი არ არის დაბრკოლება და უუნარობის გამართლება. ელენ კელერზე ცალკე მოსაყოლია. სწორედ მან მიმართა „ლომების კლუბის“ შეკრებას და მოუწოდა მათ,  გამხდარიყვნენ „უსინათლოთა რაინდები და გაელაშქრათ სიბნელის წინააღმდეგ“. ამ მიმართვის შემდეგ „ლომების კლუბმა“ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ძირითადი პროექტი მათთვის ყოველთვის იქნება უსინათლოთა დახმარება, მკურნალობა, დასაქმება და ზოგადად ხელშეწყობა. ერთ-ერთი და არა ერთადერთი.

მას მერე „ლომების კლუბი“ გაიზარდა, გახდა საერთაშორისო ორგანიზაცია, 200-ზე მეტ ქვეყანაშია დღეს გავრცელებული. ორგანიზაციულად დაყოფილია ზონებად, ქვეჯგუფებად, ტარდება ყრილობები, შეხვედრები. ვინ მოსთვლის, ამ საუკუნის განმავლობაში რამდენი სასიკეთო საქმე გაკეთდა, რამდენს გაემართა ხელი. ლოზუნგი „ჩვენ ვემსახურებით“ რეალობად იქცა….

მინდა პატარა ქალაქის კლუბის მაგალითზე, რომლის რიგითი შეკრებასაც ვიდეოში იხილავთ, წარმოდგენა შეგექმნათ, როგორ მუშაობს და ცხოვრობს ეს ორგანიზაცია.

შეხვედრები იმართება ყოველ კვირას, ხუთშაბათობით. თან ლანჩია, თან საუბარი და როგორც ყოველთვის პროგრამა, ანუ მოწვეული სტუმარი პრეზენტაციით და თემით. ვიდეოში ჩანს, როგორ წარდგა თავის მონათხრობით საგრაფოს მოსამართლე (აქ მოსამართლე ჰქვია არჩეულ პირს, რომელიც ამ რაიონს ხელმძღვანელობს, ჩვენებურად ალბათ გამგებელი) „ლომები“ აპოლიტიკურები არიან, მაგრამ მათ ყბაში ჩავარდნა მაინც ავს და მტერს! მომავალ შეხვედრაზე, მაგალითად მიწვეულია ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმი, მერე სტადიონის მშენებლობის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ასე უჭირავს კლუბს ადგილობრივი ცხოვრების პულსზე ხელი და კითხვებსაც სვამს და პასუხებსაც იღებს.

ყველა წევრი იხდის საწევროს, ტარდება ხოლმე ღონისძიებები ფონდების შესაგროვებლად. წელიწადში ერთხელ. მარტის დასაწყისში ამ კლუბს აქვს ე.წ. „პენქეიქ საფერ“, როდესაც კლუბის წევრები თვითონ აცხობენ, ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს, არის პროგრამა. აქ დასწრება ბილეთებითაა, რომლებსაც თავად კლუბის წევრები ყიდიან, საქმიანობაში სპონსორებიც ერთვებიან. ეს არის ანგარიშის ჩაბარების და ფონდების მოგროვების მთავარი დღე, რომელიც წელიწადში ერთხელ დიდი ზარ-ზეიმით ტარდება …

მოგროვებულ ფონდებს თავად კლუბი განაგებს, თანხა  მთლიანად დახმარებებში და პროგრამებში იხარჯება. მარტო წელს 17 ახალგაზრდას დაუფინანსდა სწავლა. წინასწარ შეისწავლეს,  ვის სჭირდებოდა რეალურად დახმარება.

ფინანსდება მკურნალობა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სპეციალური ბანაკი, ადგილობრივი ბიბლიოთეკა, ბავშვების კლუბები, სპორტული წრეები…

ბოლო შეკრებაზე კლუბმა მოისმინა ადგილობრივი ხელმძღვანელისგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ბიუჯეტის სიტუაცია, რას უპირებენ წლის ბოლოს გადასახადებს, გაიზრდება თუა არა, როგორ მიდის დამბების მშენებლობა და დრენაჟის სისტემის რეაბილიტაცია…

ცოცხალი, საინტერესო და თან მხიარული შეკრება იყო, როგორც ყოველთვის.

ეს ამერიკის ყოველდღიურობის ერთი დეტალია.

დატოვე კომენტარი