კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთში
საქართველოს კულტურის მინისტრი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. თინათინ რუხაძე და მისი მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებასა და ქართული კულტურის დღეებში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს კულტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას მუსიკალურად გააფორმებენ დავით მაზანაშვილის ბენდი, ანსამბლი „ფორტე“, აჩიკო ნიჟარაძე და დათო ხუჯაძე. ასევე გაიმართება ანსამბლ „ერისიონის“ გალაკონცერტი – „ქართული საგანძური“ და გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა „საქართველო: ღვინის სამშობლო“, მოეწყობა ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია.