კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოლქის პოლიცია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ისკანდერის ტიპის რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამძებრო-სამაშველო დანაყოფები. გამორიცხული არ არის, რომ ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილები. ასევე სამი მოქალაქე ემსხვერპლა და ერთი დაშავდა სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგოვის ოლქში, სადაც ჭურვი ასევე დასახლებულ ზონაში, სარდაფს დაეცა. იქ მოსახლეობა აფარებდა თავს. ქვეყნის პრეზიდენტი ფრონტზე საოკუპაციო ძალების მიერ შეტევითი ოპერაციების ზრდაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვითარება უარესდება. როგორც უკრაინის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, ომის დაწყებიდან ერთი წლის თავის მოახლოებასთან ერთად, მოსკოვი სერიოზული იერიშის დემონსტრირებას შეეცდება. ამაზე საუბრობს თავდაცვის მინისტრიც, ალექსეი რეზნიკოვი, რომელიც ნატო-ს ქვეყნებს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გაცემისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, რუსეთმა ნახევარ მილიონამდე მებრძოლის მობილიზაცია შეძლო და აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე, სავარაუდოდ, იერიშებს გააძლიერებს.