კიევზე მორიგ ავიაიერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა

კიევზე მორიგ ავიაიერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. „კამიკაძე“ უპილოტო საფრენი აპარატებით აფეთქებები დილით განხორციელდა. დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 19 ადამიანი გამოიყვანეს. ოთხმა სხეულის დაზიანება მიიღო. უკრაინის დედაქალაქში დაბომბვის ადგილებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. 

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. დრონების ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. თუმცა, ნაწილმა დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწია.

კიევში სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამჟამად კიევის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ქალაქის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებში ჩავიდნენ.

პარალელურად, თვითმხილველების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე, სადაც დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. შედეგად ამ ოლქებში ელექტრომომარაგებაში პრობლემებია.