საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე მოწმის სახით მამუკა ხაზარაძე იკითხება. პარტია „ლელოს“ ლიდერმა ჩვენება დაიწყო 2007 წლის გახსენებით, როდესაც მისი თქმით, „თბს ბანკი“ მილიონობით ინვესტიციებს იზიდავდა, მათ კი ლიცენზიასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა პრობლემები შეუქმნა. პრობლემის მოსაგვარებლად, ხაზარაძის განცხადებით, საჭირო იყო დამატებითი თანხების მოზიდვა.
ასევე, მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოუთვალეს, რომ ბანკი გაეყიდათ. ბრალდებულის თქმით, მათ დაიწყეს დამატებითი თანხების მოძიება ერთ-ერთ კომპანიასთან, თუმცა პერიოდულად სახელმწიფოსგან პრობლემები ექმნებოდათ. საბოლოოდ კი დამატებითი თანხების მოძიება შეძლეს, თუმცა ერთ-ერთი სესხის გადასაფარად, კომპანია „სამგორის“ დამფუძნებლისგან მიიღეს დაახლოებით 17 მილიონი დოლარის სესხი. ამ სესხის დაბრუნებაზე კი პრობლემები რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებით და სექტემბერში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო შეიქმნა.