საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა ნატო-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში.