კანიე უესტის კონცერტი - თბილისის მერიის განცხადება 

დღეს, 12 ივნისს „დინამო არენაზე“ დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე სტადიონის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები, გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის ღამის ორ საათამდე მოემსახურებიან. რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

დღეს, 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე – მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე – ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება კიდევ რამდენიმე ქუჩაზე. დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერია სოციალურ ქსელში ათავსებს.