ჯოზეფ ბაიდენის მიმართვა

„არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში, ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილი მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას, ვლადიმერ პუტინის შესახებ განაცხადა. ბაიდენის თქმით, რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში. ბაიდენმა ასევე გააფრთხილა რუსეთი, არც კი იფიქროს ნატო-ს ტერიტორიის თავდასხმაზე, რადგან ალიანსს აქვს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რაც ნატო-ს მეხუთე მუხლით არის განსაზღვრული. ამასთან ერთად, ბაიდენმა მიმართა რუს ხალხს და განაცხადა, რომ ისინი მტრები არ არიან. პრეზიდენტმა სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკას მძიმე შედეგს მოუტანს. მისივე განცხადებით, ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და გაზზე, რაშიც შეერთებული შტატები მათ აუცილებლად დაეხმარება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დაწყებული ბრძოლა არის დაპირისპირება ავტოკრატიასთან და ეს ბრძოლა დიდხანს გასტანს. ამიტომ ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი ბრძოლისთვის.