ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, მომღერალი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა. ანსამბლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯემალ ჭკუასელს ჰქონდა პარკინსონის დაავადება, გუშინწინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1976-1979 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი; 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი; იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

ჯემალ ჭკუასელს 1990 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, 1995 წელს კი ღირსების ორდენის კავალერის წოდება მიენიჭა. 2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჯემალ ჭკუასელს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.