იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაეს სასამართლოში ასარჩევად ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მარსაგიშვილს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმენენ. კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
კანდიდატურის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 13 წევრი ეყოლება, ხოლო პოლიტიკურ ჯგუფებს „ხალხის ძალას“ და „ევროპელ სოციალისტებს“თითო წევრი. მმართველი გუნდის თქმით, ამ ეტაპისთვის სხვა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს სამუშაო ჯგუფში ჩართვასთან დაკავშირებით, კომიტეტისთვის არ მიუმართავთ.