საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო გორში მასპინძლობს. ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის წესები და მათი სწორად გამოყენება, ქალთა უფლებები დღეს და საიდან იწყება საქართველოში ქალების ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ჩვენი ქვეყნის დოკუმენტური მეხსიერება და ეროვნული საგანძური, თანამედროვე ხელოვანები შიდა ქართლიდან – ეს ის თემებია, რომლის შესახებაც გააზიარებს ცოდნას იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.
უწყება 26 მაისს გორში მასშტაბური სანახაობით აღნიშნავს. წლევანდელი საზეიმო ღონისძიების სლოგანი არის „გააზიარე ცოდნა“, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სამინისტრო გორელებსა და ქალაქის სტუმრებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
იუსტიციის სამინისტრო, როგორც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი, ღონისძიების მონაწილეებს ცოდნას გაუზიარებს საქართველოში ქალთა მოძრაობის ისტორიის შესახებაც.