ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, ათ დღეში ვლადიმერ პუტინი ვეღარ შეძლებს უკრაინაში წინსვლას, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გენერალმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ პუტინი არ შეასრულებს თავის მუქარას, ომის საზღვრების გაზრდისა და ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. „მე არ მჯერა, რომ კრემლი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ჯერ ერთი, პუტინი ამას თავად ვერ გააკეთებს. არ მჯერა, რომ მის გარშემო მყოფი ხალხი ნამდვილად დაინტერესებულია ბირთვული საფრთხით“, – თქვა გენერალმა. მან ასევე გააკრიტიკა დასავლეთი, ზედმეტი სიფრთხილისა და უკრაინისთვის არასაკმარისი სამხედრო მხარდაჭერას აღმოჩენის გამო და თქვა, რომ კრემლი არ აპირებს ნატო-ს ომში ჩათრევას. „ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთება არ შეგვიძლია და რას არ გავაკეთებთ და არასაკმარისად იმაზე – რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.