ასეულობით დაჭრილი ქარხნის თავშესაფრებში და გადარჩენის მოლოდინში – „აზოვსტალი“ დგას, თუმცა სიტუაცია ყოველდღე უარესდება.
კომბინატში შეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შემდეგ ქარხანა ინტენესიური ავიაიერიშების სამიზნეა. ამიტომ ლეგიონ „აზოვის“ მებრძოლების და დაჭრილების უსაფრთხო გაყვანის საკითხი ღიად რჩება. მარიუპოლის მცველები საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა ქვეყნის ხელისუფლებასაც მიმართავენ. თავის მხრივ პოზიციას არ ცვლის მოსკოვი. რუსეთის საოკუპაციო ძალები „აზოვსტალში“ გამაგრებულ ქალაქის მცველებს დანებებისკენ და ტყვეებად ჩაბარებისკენ მოუწოდებს, რაზეც კატეგორიული უარია. ვითარებას ამძიმებს მეტალურგიული კომბინატის ჰოსპიტლის დაბომბვა, შედეგად დაჭრილი სამხედროები პირველად სამედიცინო დახმარებასაც ვერ იღებენ, რის გამოც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „აზოვსტალში“ ჰუმანიტარული კრიზისია. რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქი მარიუპოლი ალყაში რჩება.