წარდგება თუ არა ვლადიმერ პუტინი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე და აგებს თუ არა პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე – ამაზე ზუსტი პასუხი ჯერ არავის აქვს, თუმცა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამის პერსპექტივა უკვე რეალური გახდა. სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ვლადიმერ პუტინის გასამართლების მიმართულებით.
დანაშაულთა ჩამონათვალი ვრცელია, უკრაინაში წამოწყებული ომის გარდა, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ბავშვების მიმართ ჩადენილ არაერთ დანაშაულს ეხება, მათ შორის არის უკანონო დეპორტაცია. მართალია, გაწერილი პროცედურების გათვალისწინებით, პუტინს აქვს საშუალება, თავი აარიდოს გასამართლებას. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფსიქოლოგიურ დონეზე რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს.