ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას საერთაშორისო ლიდერები გამოეხმაურნენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ძალიან ძლიერი პოზიციაა, პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები.
სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელიც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი ნიშნავს, რომ ამ სასამართლოს წევრ ნებისმიერ ქვეყანას, 123 სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ფეხს დაადგამს ვლადიმერ პუტინი, მისი დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება აქვს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ამბობს, რომ პუტინის დაკავების ორდერი მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან არსებობს 123 ქვეყანა, სადაც ამიერიდან ვლადიმერ პუტინი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. მისი თქმით, ეს ორდერი არ არის თამაშის დასასრული. პირიქით, ეს პროცესების დასაწყისია.