გუბერნატორი
გუბერნატორი

უცნაური სიტყვაა – გუბერნატორი. ჩემი თაობისათვის, მხოლოდ ჩემთვის მაინც, სუბიექტური. ასაკთან და დროებასთან ერთად ცვალებადი, სხვადასხვა აზრის და ელფერის მატარებელი.

თავიდან, ბავშვობაში, რაღაც უცხო, არარელურ ისტორიულ თუ ლიტერატურულ სამყაროს უკავშირდებოდა. რუსეთისა თუ ინგლისის იმპერიების ნიშანი იყო. ინდოეთის გუბერნატორი, კავკასიის გუბერნატორი, ვარანცოვ დაშკოვი, ანდაც სულაც მეკობრეებთან გადახლართულ – ჩასაქმებული იამაიკის გუბერნატორი. მოკლედ რომ გითხრათ, ყოველდღიურ, რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი ამ სიტყვას არ ჰქონდა.

ამერიკაში კი, შტატის გუბერნატორი მართლაც რეალური მმართველი, არჩეული. მხოლოდ თავის ამომრჩეველთან ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი. მხოლოდ თავისი ვალდებულება, კანონი და კონსტიტუცია არის მისთვის უზენაესი, და ეს მართლაც ესეა. ვერანაირი პრეზიდენტი, გაერო თუ სენატი ვერაფერს გააკეთებინებს.

ტეხასის გუბერნატორები კი ამ სიაშიც გამორჩეული ელფერის მატარებლები არიან.

1946 წლიდან, როდესაც დამოუკიდებელმა ტეხასმა, მექსიკასთან ომით გაწამებულმა, სხვა გამოსავალი ვეღარ ნახა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდა, დღემდე 47 გუბერნატორი ჰყავდა.

პირველი ჯეიმს პინკნეი ჰენდერსონი იყო, დღეს კი 47-ე გუბერნატორი ჯეიმს რიჩარდ პერია, ანუ რიკ პერი.

ტეხასის გუბერნატორი, ისევე როგორც სხვა შტატებისა, რეალურად მართავს შტატს. შტატის გვარდიის სარდალია, აქვს ვეტოს და შეწყალების უფლება. ისიც გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა შტატებს სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული კანონმდებლობა აქვთ, სხვადასხვა საგადასახადო და ეკონომიკურ პოლიტიკას მისდევენ. ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, ბევრ თავისუფალ ქვეყანაზე უფრო დამოუკიდებლად ცხოვრობს შტატი. ტეხასის გუბერნატორის რეალურ ძალაუფლებას და შესაძლებლობებს კი, ალბათ ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი ნატრობს.

თითქმის ყველა შტატში გუბერნატორს ოთხი წლით ირჩევენ, ნიუ ჰემპშირის და ვერმონტის გარდა, სადაც ორ-ორწლიანი ვადაა.

მაგრამ ჩვენ ჯერ ტეხასში ვართ და აქაური გუბერნატორი რიკ პერია. საინტერესოა, რა კაცი მართავს ტეხასს?

ამაზე მეტი ამერიკელი აღარ ვარგაო, პერიზე თუ იტყვიან.

მეხუთე თაობის ტეხასელი, შუაგულ ტეხასში, პეინტ გრიკში, რანჩოზე დაბადებულა. ბავშვობაში სკაუტი ყოფილა, თანაც მაგარი. სკაუტებში თურმე ელიტური სკაუტები არსებობენ, ვინც ძალიან ყოჩაღია, ის თუ მიაღწევს. პერისაც უყოჩაღია და არწივ-სკაუტის წოდება მიუღია.

1972 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა, მერე სამხედრო სამსახურში წავიდა, სამხედრო მფრინავი გახდა, C-130 უშველებელი ტაქტიკური თვითფრინავის ტარება ისწავლა, 1977 წლამდე იმსახურა და კაპიტანის რანგში მამამისის ბამბის პლანტაციებს დაუბრუნდა. 1982 წელს დაოჯახდა, ორი შვილი შეეძინა.

რიკ პერი ტეხასის „გიჟია“, „ფანია“. ამ ქვეყანას ჩემნაირმა ხალხმა უნდა მიხედოსო, გადაწყვიტა და პოლიტიკას მიჰყვა. ხომ არის სამაგალითო ამერიკული ბიოგრაფია? სულ ჩვენს პოლიტიკოსებსა ჰგავს?

ახლა აქეთ ვნახოთ. რიკ პერი ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდხანს არის გუბერნატორის პოსტზე. 2000 წლიდან გუბერნატორია.

1995 წლიდან ტეხასის გუბერნატორი, ჩვენი კარგი ნაცნობი, ჯორჯ ბუშია, 1998 წელს, როდესაც მეორე ვადით გახდა გუბერნატორი, რიკ პერი მისი ვიცე გუბერნატორი ან როგორც აქ ამბობენ, გუბერნატორ ლეიტენანტი იყო.

2000 წელს ჯორჯ ბუშმა უკვე საერთო ამრიკული არჩევნები მოიგო და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა, ცხადია ტეხასის გუბერნატორობიდან გადადგა. გუბერნატორ ლეიტენანტი რიკ პერი შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

მას შემდეგ კი ზედიზედ სამჯერ მოიგო პერიმ ტეხასის საგუბერნატორო არჩევნები, 2002-ში, 2006-ში და 2010-ში. უნდა გითხრათ, რომ ეს მართლა სერიოზული პოლოტიკური ბატალიებია და ყოველ ჯერზე დაძაბული კამპანიები მიდის. მაგრად იბრძვიან დემოკრატები შტატის დასაბრუნებლად, მაგრამ რიკ პერიც მაგრად დგას.

ბოლო არჩევნებში მძიმე არტილერია ამუშავდა და უაღრესად პოპულარული პრეზიდენტი ობამას ავტორიტეტი სტრატეგიული ავიაციასავით ეხმარებოდა დემოკრატების კანდიდატურას. მაგრამ ამასაც გაუძლო რიკ პერიმ.

ტეხასელობით ძალიან ამაყობს ჩვენი გუბერნატორი, ხანდახან ზედმეტადაც.

2006 წლის არჩევნების შემდეგ, ინაუგურაციის ცერემონიალზე თავისი მეგობარი, როკ მუსიკოსი ტედ ნაგენტი დაპატიჟა. ის კი კონფედერატების დროშაში გახვეული გამოცხადდა და როცა უსაყვედურეს, ეს ჩვენი კულტურის ნაწილიაო, გამოაცხადა.

როგორც ნამდვილი რესპუბლიკელი, ფედერალური მთავრობის გაძლიერებას ბოლომდე ებრძვის და შტატისთვის მეტ თავისუფლებას ითხოვს.

ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ მეტი რეგულირების შემოღება სცადა, გუბერნატორი პერი არ შეეპუა, ფედერალურ დახმარებაზე უარი თქვა, ჩვენს თავისუფლებას ყიდულობენო და კონსტიტუციის მეათე დამატება გაიხსენა, თუ არ მოგვეშვებიან ჩვენს თავს თავადვე მივხედავთო.

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ – რით არ არის მოხევური ფილოსოფია, ბოდიში, ტეხასური.

რეალურად კი გუბერნატორს არასოდეს წამოუწევია ტეხასის ამერიკისაკენ გამოყოფის თემა. როცა თავი მოაბეზრეს, ახსნა, მე ამერიკის პატრიოტი ვარ, ნამდვილი ტეხასელი, უბრალოდ ფედერალურ მთავრობას ხანდახან შეხსენება უნდა, რომ ეს ამერიკაა და არა რომელიმე სოციალისტური ევროპა, რაც ნაკლები იქნება მთავრობა, მით უკეთესია ხალხისა და ქვეყნისათვის. გამგებმა გაიგოსო.

გუბერნატორი რიკ პერი ქრისტიანია, სიკვდილით დასჯას არ აუქმებს თავის შტატში, აბორტებს არ აფინანსებს, ერთი სქესის ქორწინებას არ ცნობს და გლობალური დათბობის არ სჯერა. მეტი რა ქნას? ერთმა ებრაელმა კომიკოსმა ასე იხუმრა: „ეს ტალიბი ხომ არ არისო?“. ტალიბი არა ბატონო, ტეხასელია! მაშასადამე ქართველია! ეს იმათ საყურადღებოდ, ვისაც ამერიკა, რატომღაც, ცოტა სხვა რამ ჰგონია.

რიკ პერი მთელ მსოფლიოში ამტკიცებს, თანაც წარმატებით, რომ ტეხასში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა და მართლაც თუ ვინმე ყოჩაღად დახვდა ეკონომიკურ კრიზისს, ტეხასი დახვდა. ახლაც პირველთა რიგებშია ეკონომიკის ზრდით, სამუშაო ადგილების შენარჩუნებით. სხვა შტატებიდან ათასობით ადამიანი გადადის ტეხასში, სამუშაოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების გამო. ამას ნამდვილათ ვერავინ დაუკარგავს გუბერნატორს. ეს ყველაფერი ამ ათწლეულში ცოტა მისი ბრალიც ხომ არის?

წინა საპრეზიდენტო პრაიმერიში რუდი ჯულიანის მეგობარი იყო.

ახლა კი დიდი ამბები ახლოვდება ამერიკაში. საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. ნელ-ნელა ხურდება ხალხი. ტეხასმა ხომ უნდა თქვას თავისი სათქმელი. რიკ პერი რეალურად რესპუბლიკელების ერთერთი ლიდერია. რესპუბლიკელ გუბერნატორთა ასამბლეის თავმჯდომარეა.

წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი რიკ პერის გაპრეზიდენტებაზე, ყოველ ჯერზე მეთოდურად უარს ამბობს ტეხასის გუბერნატორი და თავიდან იცილებს ამ მისიას. ახლა, როცა რესპუბლეკელებს უჭირთ, რეალურ კანდიდატურას ეძებენ, ისევ დაიწყო ეს საუბრები. იქმნება ჯგუფები, რომლებიც ითხოვენ, რომ რიკ პერი დააყენონ პრეზიდენტობის კანდიდატად.

დელეგაციები მიდის ტეხასის დედაქალაქში, ოსტინში, გუბერნატორის სასახლეში. რიკ პერის ყოჩობას სთხოვენ, გაგვიძეხ და მოგყვებითო.

ტეხასის გუბერნატორებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორი იყო პრეზიდენტი.

ერთი ადრე, მეცხრამეტე საუკუნეში, სემ ჰიუსტონი. თანაც საინტერესოა, რომ ჰიუსტონი დამოუკიდებელი ტეხასის პრეზიდენტი იყო. მას მერე, რაც ტეხასი ამერიკის ნაწილი გახდა, ჰიუსტონი აღარ იყო სათავეში. ტეხასმა ექვსი გუბერნატორი გამოიცვალა და მეშვიდედ ისევ სემ ჰიუსტონს დაუძახეს, გაგვიძეხიო, ბებერი ხარის რქაცა ხნავსო. ამჯერად გუბერნატორად. მაშინ გუბერნატორობა ორწლიანი ყოფილა.

მეორე კი სულ ახლახან, ჯორჯ ბუში. ტეხასის გუბერნატორის სავარძლიდან მოიგო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა. აკი გითხარით, შტატის გუბერნატორად რიკ პერი დატოვა.

2011 წლის 2 მაისს ტეხასის საკანონმდებლო სეზონი დაიხურა. რეპორტიორები ჩააცივდნენ გუბერნატორს: – არ ფიქრობთ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ნომინაციაზე?

– ვიფიქრებ. ისე, მე ბევრ სხვადასხვა საქმეებზე მიწევს ფიქრი.

მარტო ტეხასში კი არა, აგერ ვინმე დენ ლოგმა კალიფორნიაში წამოიწყო ინტერნეტ საიტი – რიკ პერი ამერიკის პრეზიდენტად!

მერე ტეხასს რა ეშველება?