გოგა ჩხეიძის სამი რეკორდი და ორი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა გოგა ჩხეიძემ, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში ბრინჯაოს, აკვრაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 23-წლამდელთა შორის ევროპის სამი რეკორდიც დაამყარა.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 22 წლის ქართველმა ძალოსანმა, პირველი რეკორდის დამყარება ატაცში შეძლო, სადაც სამიდან სამივე ცდა გამოიყენა (132; 136;139).

სარეკორდო მესამე მისვლა გამოდგა, ჩხეიძემ 139 კილოგრამი წარმატებით აიტაცა. საბოლოოდ ეს რეკორდი იტალიელმა მირკო ზანიმ მოხსნა, რომელმაც ჩხეიძეს ჯერ 140 და შემდეგ 142 კილოგრამის დაძლევით რეკორდთან ერთად ატაცის ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა.

ქართველი სპორტსმენი ამ დისციპლინაში საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. ჩხეიძისთვის ბევრად უფრო იმედისმომცემი მეორე დისციპლინა იყო.

მწვრთნელების გადაწყვეტილებით აკვრა 165 კილოგრამით და წარმატებით დაიწყო, რაც ამავე ასაკში ევროპის რეკორდის გამეორება იყო.

რეკორდები მეორე მისვლაზე დამყარდა. ჩხეიძემ 169 კილოგრამი აკრა და როგორც აკვრაში ასევე ორჭიდის, ჯამში 23-წლამდელთა შორის ევროპის კიდევ ორი რეკორდი დაამყარა. სამწუხაროდ გოგას საკუთარი რეკორდების გაუმჯობესება მესამე ცდაზე აღარ გამოუვიდა. მან 173 კილოგრამი ვეღარ დასძლია და აკვრაში ვერცხლის, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

ამ წონით კატეგორიაში ორჭიდის ოქროს მედალი ფრანგ ბერნარდინ მატამს ერგო, რომელმაც ჯამში 312 კილოგრამი დაძლია.