გლობალური სასურსათო კრიზისი მწვავდება. მსოფლიო ლიდერები რუსეთის მიერ ბლოკირებულ უკრაინულ პორტებში ჩარჩენილი ტონობით მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიულ სატრანსპორტო გზებს ეძებენ. გლობალურ ბაზრებზე ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის დროულად მიწოდება შეფერხებულია, საკვები პროდუქტების დეფიციტის გამო უმძიმესი სურათია განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც გლობალური შიმშილის საფრთხის ქვეშ არიან. ცალკე გამოწვევაა დეფიციტური სასურსათო პროდუქტების, სასუქის და ენერგეტიკული რესურსების გაძვირება. დასავლეთიდან ტონი სულ უფრო მკაცრდება. ევროპელი ლიდერები მოსკოვს სასურსათო კრიზისის ხელოვნურად შექმნაში, ომის იარაღად გამოყენებაში და მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებენ. მოსკოვი კი შექმნილ მძიმე ვითარებაზე მთელ პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლებას აკისრებს. რუსეთი უკრაინული გემების განბლოკვის ერთ-ერთ მთავარ პირობად დასავლეთისგან დაწესებული სანქციების გაუქმებას აყენებს.