ევროკავშირი რჩება ერთიანი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის სურვილში, მაგრამ არ არის მზად, შეცვალოს ახალი წევრების მიღების წესები, – გამოცემა „უკრინ-ფორმის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამის შესახებ ვერსალში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე ჟურნალისტებთან თქვა.
„სიტუაცია ასეთია, ევროკავშირის წევრობისთვის არსებობს ძალიან მკაფიო პრინციპები და კრიტერიუმები, არის ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხები“, – თქვა შოლცმა. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა გაიხსენა ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც უკვე მოქმედია და ის მასშტაბური დახმარება, რომელიც უკრაინას 2014 წლიდან მიეწოდება და არ შეჩერდება; თუმცა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წევრობის საკითხში კრიტერიუმები თავის როლს ითამაშებენ. კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინამ სწორად უნდა გაიგოს გზავნილი – ევროკავშირი არა მხოლოდ დიდ ინვესტიციას დებს უკრაინის დასახმარებლად, ის მიზანმიმართულად აწესებს სანქციებს, რომლებიც უკვე ურტყამს რუსეთის ეკონომიკას და ექნება დრამატული შედეგები თავად ევროპისთვისაც; ამასთან, ევროპა უკრაინას აწვდის იარაღს თავდაცვისთვის. შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი არ გახდება ომის მონაწილე, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კონფლიქტი ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის თავიდან იყოს არიდებული.