ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. არგენტინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბუენოს-აირესში, დილიდან, არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში დიეგო მარადონას სახალხო პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახის წევრები, ყოფილი თანაგუნდელები, ფეხბურთის ვარსკვლავები და მარადონას ფანები ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობებიან.
დიეგო მარადონა სხვადასხვა წლებში „არგენტინოს ხუნიორსის“, „ბოკა ხუნიორსის“, „ბარსელონას“, „ნაპოლისა“ და „სევილიასა“ ღირსებას იცავდა. არგენტინის ნაკრებთან ერთად, მარადონა 1986 წელს მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა.